Monday, August 3, 2009

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა

ევროპის კომისია შენგენის შეთანხმების წევრ ქვეყნებს, რომელთა დიდი უმრავლესობა ევროკავშირის წევრია, ურჩევს, 2010 წლის 1 იანვრიდან მცირეხნიანი ვიზიტებისას ვიზები აღარ მოსთხოვონ მაკედონიის, სერბიის და ჩერნოგორიის მოქალაქეებს. ყოფილი იუგოსლავიის ამ სამი ქვეყნისთვის ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. სავიზო რეჟიმი ჯერჯერობით ძალაში რჩება ბოსნიის, ალბანეთის და კოსოვოს მოქალაქეებისთვის.

მაკედონიის, სერბიისა და ჩერნოგორიისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წარმომადგენლები დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟაკ ბარომ ოთხშაბათს ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებას ”ისტორიული” უწოდა:

”ეს ჩვენი და დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთობაში ისტორიული მომენტია. ვიზების აუცილებლობის მოხსნას ბევრი მოუთმენლად ელოდა და ეს, ცხადია, ამ სამ ქვეყანასა და შენგენის სახელმწიფოებს შორის კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს.”

გადაწყვეტილება ძალაში 2010 წლის 1 იანვარს შევა. ამით ეს სამი ქვეყანა ხორვატიას გაუთანაბრდება - მისი მოქალაქეები უკვე ვიზის გარეშე მოგზაურობენ ევროკავშირში. ყოფილი იუგოსლავიის კიდევ ერთი წარმომადგენელი კი, სლოვენია, 2004 წლის შემდეგ უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

ევროკავშირის გადაწყვეტილება არ ნიშნავს მოგზაურობაზე ყველა შეზღუდვის მოხსნას. ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ახალი, ბიომეტრული, პასპორტების მფლობელებს შეეძლებათ შენგენის ქვეყნებში 90-ზე ნაკლები დღის განმავლობაში მოგზაურობა. ამგვარ პასპორტებში მოთავსებულია სპეციალური ჩიპი, რომელიც პასპორტის მფლობელის პირად ინფორმაციას შეიცავს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირში ცხოვრება, მუშაობა ან სწავლა სურთ, სასურველ ქვეყანაში ბინადრობის მოწმობის მოპოვება კვლავაც დასჭირდებათ.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გამოკლებით, შენგენის ზონაში მთელი ევროკავშირი შედის, რასაც ემატება შვეიცარია, ნორვეგია და ისლანდია.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლი რენი
ევროკავშირის გაფართოების კომისარმა ოლი რენმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, სერბიის, ჩერნოგორიისა და მაკედონიის მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ვიზებისთვის რიგში დგომა და ხშირად დამამცირებელი გამოცდების გავლა:

”დასავლეთ ბალკანეთის [ქვეყნების] მოქალაქეებისთვის ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლება ნიშნავს, რომ დამთავრდა საელჩოებთან რიგებში დგომა, ვიზის საფასურის გადახდა, საბუთების - მოწვევის, ბილეთების - შეგროვება და მათ თარგმანში ფულის გადახდა.”

თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება სამი ქვეყნის აქტიური ძალისხმევის შედეგად იქნა მიღებული - იქნებოდა ეს საპასპორტო უსაფრთხოების, საზღვრების კონტროლის თუ კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში გადადგმული ნაბიჯები.

ბაროს და რენის თქმით, სამი ქვეყნის მიერ ამ პირობების დაკმაყოფილებას მომავალშიც შეამოწმებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ, პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა სავიზო რეჟიმი კვლავ გაამკაცრონ.

ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, ამ მხრივ მაკედონიაში თითქმის არ არსებობს პრობლემები. სერბიის შემთხვევაში პრობლემად რჩება კოსოვოსთან საზღვარი და მისი ურთიერთობა ამ ახალ ქვეყანასთან, რომელსაც ის არ აღიარებს. ჩერნოგორიას კი უცხოელების შესახებ კანონების გადახედვა და დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრება მოუწევს.

წელს სავიზო რეჟიმი არ მოეხსნათ ალბანეთს და ბოსნიას. ეს ორი ქვეყანა ახლა 2010 წლის შუა პერიოდს ელოდება - სწორედ მაშინ გეგმავს ევროპის კომისია მორიგი რეკომენდაციების წარდგენას. წარმატების შემთხვევაში, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში ვიზების გარეშე მოგზაურობა 2011 წლიდან შეეძლებათ.

კოსოვოს შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ეს ახალი ქვეყანა არ უღიარებია ევროკავშირის ხუთ წევრ სახელმწიფოს (ესპანეთს, რუმინეთს, კვიპროსს, სლოვაკეთს და საბერძნეთს) და ის ჯერჯერობით არც გაეროს წევრი გამხდარა. მაგრამ ოლი რენის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ კოსოვო ”დაივიწყეს”. მისი თქმით, ევროკავშირი და ევროკომისია ევროპული პერსპექტივის ერთგულნი რჩებიან და უკვე გადაიდგა ნაბიჯები იმისათვის, რომ კოსოვოს ევროკავშირის ბევრმა წევრმა გაუმარტივოს სავიზო რეჟიმი.

No comments:

Post a Comment